მიხეილ ჩხენკელი: „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება საშვილიშვილო ინიციატივების განხორციელებაში“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე, რომელსაც პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, აშშ-ის ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
“მინდა, მთელი გულით მივულოცო ჩვენს საზოგადოებას დღევანდელი დღე, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა – პროფესორ კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა. უღრმესი მადლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარს – ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩემთვის, როგორც საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა, რომ ამერიკელი ხალხის, ამერიკის მთავრობის დახმარებითა და ჩართულობით ხორციელდება ასეთი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტები.
განსაკუთრებით მინდა, გამოვყო პროფესორ კენ ვოლკერის როლი როგორც ამ პროექტის, ასევე, საქართველოს სამედიცინო სფეროს განვითარების საქმეში. მე პირადად წილად მხვდა მასთან ურთიერთობის ბედნიერება. ეს პიროვნება გახლდათ მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი, საქართველოზე უაღრესად შეყვარებული. მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული როგორც ამ ცენტრის იდეის შექმნაში, ასევე, ქართველი სტუდენტების განათლების საქმეში. დღესაც ემორისა და ამერიკის სხვა წამყვან უნივერსიტეტებში და, რასაკვირველია, საქართველოში დიდი სიყვარულით იხსენებენ მის სახელს, მის ღვაწლს.
ძალიან დიდია ემორის უნივერსიტეტის როლი ამ ცენტრის განვითარების საქმეში და, ბუნებრივია, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თანამშრომლობას დაემატება ამერიკის სხვა წამყვანი უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტები და შედეგები იქნება უაღრესად შთამბეჭდავი.
ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ, გარდა მთავარი – კლინიკური მიმართულებისა, რაზეც ჩვენმა კოლეგებმა უკვე ისაუბრეს, უაღრესად მნიშვნელოვანია ცენტრის აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი განზომილებები. კერძოდ, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ამ ცენტრში გაიარონ უაღრესად მნიშვნელოვანი პრაქტიკა. შესაბამისად, ფიზიკური რეაბილიტაციის მიმართულებით მთელი თაობები აღიზრდება ამ ცენტრში. სამეცნიერო კვლევას, რასაკვირველია, აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა და აქ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ემორის უნივერსიტეტსა და სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად გაიმართება საკმაოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევითი პროცესი, რაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გააუმჯობესებს დარგის შედეგებს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, წარმატებებს გისურვებთ და მინდა, იცოდეთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება საშვილიშვილო ინიციატივების განხორციელებაში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის შექმნის მიზანია რეგიონში პირველი, საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნა.