“ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება – თანამშრომლობის ისეთ სფეროებზეა საუბარი, თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, ვაჭრობა და ეკონომიკა, ყველაფერი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ცალკეულ ჩვენს მეგობარს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება, გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს, აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება.
„რა თქმა უნდა, ჩვენს ცალკეულ მეგობარს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება, გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს, აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის უფლება. ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში, ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება. ცუდი არის ის, რომ, პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ, ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე უფრო მაღლდა დგას. ეს ყველას კარგად ესმის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი და საკადრისი პასუხი ექნება როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.