თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი – კელი დეგნანი დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის შექმნის მიზანი რეგიონში პირველი საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნაა. კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ მულტიდისციპლინურ (გუნდურ მიდგომაზე დაფუძნებული) სარეაბილიტაციო მომსახურებას.

კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა 2020 წლის პირველი ივლისიდან თბილისში უკვე აწვდის სარეაბილიტაციო მომსახურებას ბავშვებსა და მოზარდებს. ცენტრში დასაქმებულნი არიან USAID-ისა და EMORY-ის „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ადგილობრივი სპეციალისტები. მათთან ერთად სარეაბილიტაციო მკურნალობაში ჩართულნი არიან ემორის უნივერსიტეტის რეაბილიტოლოგები.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კენ ვოლკერის კლინიკის მშენებლობა დაფინანსდა კერძო ინვესტორის მიერ. შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპმა“ თბილისსა და ბათუმში პროექტის მშენებლობაში ექვსი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კენ ვოლკერის კლინიკა თბილისში 8000 კვმ შენობა-ნაგებობასა და 4500 კვმ სარეკრეაციო და რეაბილიტაციისათვის განკუთვნილ ზონას მოიცავს. კლინიკა ერთდროულად მოემსახურება 200 ბავშვსა და 250 ზრდასრულს. კლინიკის მუშაობის დაწყებით საქართველოს ეკონომიკას დაეზოგება სოლიდური თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო ქვეყნის ფარგლებსგარეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის რეაბილიტაციის სათანადო კურსის დასაფინანსებლად. ამასთან, კენ ვოლკერის კლინიკისადმი მეზობელი ქვეყნებიდან უკვე არსებული მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკაში შემოვა დამატებითი სახსრები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. კლინიკა მდებარეობს თბილისში, გუდამაყარის ქ. N.4-ში (პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მიმდებარედ). კლინიკის ფილიალი ქ. ბათუმში, ბაქოს ქ N.8-ში (ყოფილი გოგებაშვილის N.40) ამოქმედდა 2018 წლის ოქტომბრიდან. ბათუმის და თბილისის კლინიკა ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის, მოზრდილთა რეაბილიტაციის (ამ ეტაპზე მხოლოდ აჭარის ა/რ ფარგლებში) და ასევე, დამხმარე საშუალებების წარმოების (ორთეზების) სახელმწიფო პროგრამების პროვაიდერია. კლინიკას მხარს უჭერს საქართველოში USAID-ის „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი“, რომელსაც ემორის უნივერსიტეტი თსსუ-სთან (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), PFID-თან (კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“) და CIL-თან („კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“) ერთად ახორციელებს.

ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პროფესიული განვითარების პროგრამებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა პარტნიორობს „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკასთან“. თბილისში, კენ ვოლკერის ახლადგახსნილ კლინიკაში განთავსდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო მიმართულების ყველა სტრუქტურული ერთეული და შეიქმნება სრული სარეაბილიტაციო კლინიკური ბაზა: თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი (დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი – პროფესორი ლელა მასხულია); თსსუ-ის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი (დეპარტამენტის ხელმძვანელი, კენ ვოლკერის კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი); თსსუ-ის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრი (დირექტორი – ვალერი ახალკაცი); თსსუ-ის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის დეპარტამენტი (დეპარტამენტის ხელმძღვანელი – პროფესორი ნელი კაკულია).

კენ ვოლკერი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის, ნევროლოგიისა და გლობალური ჯანდაცვის სკოლის (აშშ, ატლანტა) პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქე იყო.

„კენ ვოლკერი ჩართული იყო გლობალური ჯანდაცვის სფეროში, რა მიმართულებითაც მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის – საქართველოში. ამერიკელმა პროფესორმა დიდი გავლენა იქონია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომხდარ მნიშვნელოვან ძვრებზე. პროფესორი კენ ვოლკერი საქართველოს პირველად 1992 წელს, აშშ განვითარების სააგენტოს, USAID–ის პროგრამის – Georgia to Georgia- ფარგლებში ეწვია. ამერიკული კორპორაციის – „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის” (PFID-ი) აღმასრულებელმა დირექტორმა, ვოლკერმა, უხელმძღვანელა ატლანტა-თბილისის პარტნიორობასა და თანამშრომლობას საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებში საქართველოსა და ჯორჯიის შტატს შორის. მისი მხარდაჭერითა და ძალისხმევით ამოქმედდა გაცვლითი პროგრამები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას შორის სტუდენტებისთვის, კლინიკური და აკადემიური პერსონალისთვის, ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. კენ ვოლკერი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მრავალი ახალგაზრდისათვის კარიერული წინსვლის ხელშემწყობი. კენ ვოლკერის ხელმძღვანელობამ განაპირობა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განათლების მენეჯმენტის შემუშავება საშუალო დონის საავადმყოფოს ადმინისტრატორებისთვის: შეიქმნა თანამედროვე გადაუდებელი დახმარების (Emergency Room) დეპარტამენტი და საგანმანათლებლო პროგრამა; გადამზადდნენ პრაქტიკოსი ექთნები, მუშაობა დაიწყო საექთნო სკოლამ (რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ექთნების დიპლომისშემდგომ განათლებას, სერთიფიცირებას); მოგვიანებით, 2018 წელს კი დაარსდა „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი“; დაიწყო მუშაობა ქართველ მეცნიერებთან და ექიმებთან ერთად ქვეყანაში შიდსსა და ტუბერკულოზთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კენი, როგორც მას ქართველები იცნობდნენ, იყო საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების, როგორც სპეციალობის, ასევე, საექთნო პროფესიის გაუმჯობესების ინიციატორი, მთავარი გულშემატკივარი. სიცოცხლის განმავლობაში პროფესორი ვოლკერი საკუთარ კარიერას უძღვნიდა მედიცინის სტუდენტების განათლებასა და მომზადებას. პირადად მან აღზარდა და გაწვრთნა ყველაზე მეტი შინაგანი მედიცინის რეზიდენტი, ვიდრე ემორის რომელიმე სხვა პროფესორმა. მენტორული ძლიერი უნარ-ჩვევების საშუალებით მრავალმა სამედიცინო რეზიდენტმა, სტუდენტმა თუ კოლეგამ შეიძინა ღირებული გაკვეთილები პროფესორი ვოლკერისგან ერთგულების, პროფესიონალიზმისა და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების შესახებ. 2005 წელს ვოლკერს გადაეცა საქართველოს, ხოლო 2011 წელს – თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი. 2016 წელს ჯორჯიის შტატის საავადმყოფოების ასოციაციამ, სიცოცხლის განმავლობაში სამედიცინო განათლებასა და მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, მას უმაღლესი ჯილდო, „გმირის“ ტიტული გადასცა.

კენ ვოლკერის ერთ-ერთი მნიშვნელვანი პროექტი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოს, USAID-ის „ფიზიკური რეაბილიტაციის განვითარება საქართველოში“. სწორედ აღნიშულ პროექტს ახორციელებს ემორის უნივერსიტეტი 2017 წლის სექტემბრიდან ჩვენს ქვეყანაში მის პარტნიორებთან ერთად: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან (თსსუ), კორპორაციასთან „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის” (PFID) და ორგანიზაციასთან, – „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ (CIL) თანამშომლობით. პროექტის აქტივობების მიზანია, საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობა ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისებსა და დამხმარე ტექნოლოგიებზე, რაც ხელს უწყობს გრძელვადიან მიზანს, – შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, თავისუფლად ჩაერთონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში. სამწუხაროდ, „ფიზიკური რეაბილიტაციის განვითარების პროგრამა“ პროფესორ ვოლკერის ბოლო პროექტი აღმოჩნდა საქართველოსთვის. კენ ვოლკერი 2018 წლის 22 თებერვალს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ უდიდესი დანაკარგი განიცადა კენ ვოლკერის გარდაცვალების გამო. ამერიკელი პროფესორი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული ქართველებზე, დედის გვერდით, სამშობლოში დაკრძალეს, აშშ-ში, ჯორჯიის შტატში მდებარე ქალაქ ვაშინგტონში“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები