“ყველა აღიარებს, რომ მთავრობა, ბატონ გახარიას მეთაურობით, ძალიან ეფექტურად მართავს კრიზისულ სიტუაციას და ამ წარმატებული მართვის ნაწილია ის, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ექნება საკუთარი ჭერი”
“დამოუკიდებლად პოლიტიკური მრწამსისა, ეთნიკური კუთვნილებისა, თუ რაღაც სხვა ინტერესებისა, ყველას მიერ აღიარებულია, რომ დღევანდელი მთავრობა ბატონ გახარიას მეთაურობით ძალიან ეფექტურად მართავს კრიზისულ სიტუაციას და ამ წარმატებული მართვის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი გახდა სწორედ გადაწყვეტილება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ბოლოს და ბოლოს ჰქონდეს საკუთარი ტერიტორია და საკუთარი ჭერი”,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის პირობებში კლინიკის თანამშრომლებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დაწესებულებას, რომელიც პრემიერის დავალებით ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის პროცესს, არ ჰქონდა საკუთარი ტერიტორია, მუშაობდა უმძიმეს პირობებში.
„ის, რომ საქართველო ძალიან წარმატებით გაუმკლავდა კოვიდ-პანდემიას, რაც აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, უპირველეს ყოვლისა, არის მთელი სახელმწიფო ვერტიკალის დამსახურება, რომელმაც იმოქმედა ძალიან დროულად. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების მთავრობებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს არ ან ვერ შეძლეს, ადრეული ინტერვენციიების, ადეკვატური და დროული საპასუხო ღონისძიებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში დღეს ჩვენთან არის დაავდების ყველაზე მცირე შემთხვევები ევროპის ქვეყნებს შორის და ყველაზე მცირე რაოდენობის გარდაცვლილი, რაც მთელს მსოფლიოში გაკვირვებას იწვევს. ამ პროცესში მოკრძალებული წვლილი შეიტანა ჩვენმა ცენტრმაც, რომელიც იყო კოვიდინფიცირებული პაციენტების პირველი მიმღები და შემდეგ – მთავარი მიმღები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, 7 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გამოიყო ტერიტორია, შესაბამისი ფინანსური რესურსიც, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მივიდა.
„რამდენჯერმე გაკეთდა პროექტი, რამდენჯერმე გამოყოფილი იყო თანხებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ამ საშვილიშვილო საქმის განხორციელება ვერ ხერხდებოდა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მილიონ ლარამდე გამოეყოფა.