“თსუ”: თამარ ბაჩალიაშვილი წარჩინებული სტუდენტი იყო, გაცვლითი პროგრამებით ორი სემესტრი საფრანგეთში გაატარა

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს თსუ-ს სტუდენტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და ოჯახს, მეგობრებს, კურსელებს, პროფესორ-მასწავლებლებს თანაუგრძნობს”,- ამის შესახებ განცხადებას “თსუ” ავრცელებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებებში ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის წარჩინებული სტუდენტი იყო.

“მან, როგორც პროგრამის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სტუდენტმა მოიპოვა Erasmus + სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ორი სემესტრი გაატარა საფრანგეთში – უნივერსიტეტში პარიზი 8 და რენის გამოყენებითი მეცნიერების ეროვნულ ინსტიტუტში.

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას თამარი ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდა. ის ემზადებოდა საბაკალავრო პროექტის დასაცავად, რის შემდეგაც შეუერთდებოდა თსუ-ს 2020 წლის 3500 კურსდამთავრებულს. 25 ივლისს თსუ-ს 2020 წლის გამოშვების ღონისძიებაზე თამარ ბაჩალიაშვილი ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდება.

ამ ტრაგიკული ფაქტის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 25 ივლისს დაგეგმილი თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ონლაინ ღონისძიების გადადების შესახებ”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა გოგონა თეთრიწყაროს ტყეში ნახეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები