შემოსავლების სამსახური: მცდარია ,,თიბისი ბანკის” მიერ მომხმარებელთა მობილურ ტელეფონებზე გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინების შინაარსი ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ
“მცდარია ,,თიბისი ბანკის” მიერ მომხმარებელთა მობილურ ტელეფონებზე გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინების შინაარსი ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ”, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარკვეულ პირებზე გაცემულ ფულად კომპენსაციებზე შემოსავლების სამსახურის მიერ არანაირი საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიება არ გატარებულა.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, განმარტავს, რომ მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება ,,თიბისი ბანკის” მიერ მომხმარებელთა პირად მობილურ ტელეფონებზე გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინების შინაარსი, სადაც აღნიშნული ბანკი მათ ატყობინებს, თითქოს, შემოსავლების სამსახურის მიერ კომპენსაციის მიმღებ პირთა მიმართ საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.
კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ გლობალური პანდემიის გამო შემოსავლების დაკარგვით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, გარკვეულ პირებზე გაცემულ ფულად კომპენსაციებზე უწყების მიერ, არანაირი საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება არ მომხდარა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იმედოვნებს, რომ ,,თიბისი ბანკის” მიერ შესაბამისი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით მოხდება მცდარი და უწყების რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.