ამირან გამყრელიძე: ​ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას მოსახლეობის უმრავლესობა ბაზრობებზე მუშაობს, ამიტომ ინფექციის გატანის რისკი მაღალია

“განსაკუთრებით ცხელი წერტილი ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ე.წ. გაჩიანის დასახლებაში გვაქვს, სადაც შედის 3 სოფელი:  ყარაჯალარი, აღთაკლია და ყარათაკლია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ შესაძლებელი იყო, გაჩიანის დასახლებაში 1000-მდე ნიმუში აღებულიყო, 6-მა სამედიცინო ჯგუფმა მოსახლეობის დამოკიდებულების გამო მხოლოდ 350 ნიმუშის აღება მოახერხა.

„განსაკუთრებულად ცხელი წერტილი დღეს გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაჩიანის დასახლება, სადაც 3 სოფელი შედის: ყარაჯალარი, აღთაკლია და ყარათაკლია. ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში გვაქვს შემთხვევების რაოდენობა, ერთად აღებული 34. დღეს 24 ახალი შემთხვევიდან 10 სწორედ ამ კლასტერზე მოდის. იქ ტარდება სერიოზული ღონისძიებები.

7 გზა შედის ამ სოფლებში. ყველა შესასვლელსა და გამოსასვლელში თერმოსკრინინგია, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსახლეობაში კვლევებზე ცუდი დამყოლობაა. ჩვენ გუშინ იქ გაფართოებული კვლევები დავიწყეთ. იქ სამივე სოფელში ერთად 7 ათასამდე მოსახლეა და გვინდოდა, რომ სრულად ეს 7 ათასი მოსახლე გამოგვეკვლია. გათვლები გვაქვს, რომ ინფიცირებული იქნება, ალბათ, მოსახლეობის 5-დან 10%-მდე და მათი დროული იზოლაცია მომხდარიყო. ეს რადიკალურად შეამცირებს ინფექციის გატანის რისკს. რამეთუ მოსახლეობის უმრავლესობა ამ სამი სოფლიდან მუშაობენ სხვადასხვა ბაზრებზე: რუსთავის, ლილოს ბაზრობა, თბილისის სხვადასხვა ბაზრობა. ამიტომ, დიდია ინფექციის გატანის რისკი. სამწუხაროდ, მოსახლეობისგან შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება. გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი 6 ბრიგადა მუშაობდა ადგილზე, 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ. როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე არის 700-დან 1000 ნიმუშამდე. ამ 350-დან 10 იყო დადებითი. ანუ იქ ინფექცია სერიოზულად ტრიალებს და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები