ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაზრდილია იმ ჯგუფთა წრე, ვისაც ტესტირება უტარდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაზრდილია იმ ჯგუფთა წრე, ვისაც ტესტირება უტარდება.
გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ცხელების შესაბამის ცენტრებსა და ამბულატორიულ დაწესებულებებს მიმართონ.
„კონკრეტული ჯგუფები დამატებულია. კარგად იცით, რომ დღეს ტესტირებას ექვემდებარება ყველა ე.წ. შესაძლო შემთხვევა, ანუ საეჭვო შემთხვევა.
კიდევ ერთხელ მივმართავ ადამიანებს, ვისაც ექნებათ მომატებული ტემპერატურა, რომ მიმართონ ცხელების შესაბამის ცენტრებსა და ამბულატორიულ დაწესებულებებს. ასეთი ქვეყანაში რამდენიმე ათეულია, რომ იქ ტესტი ჩაიტარონ. მოგეხსენებათ, ეს ტესტი არის უფასო და სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია.
გარდა ამისა, ტესტირებას ექვემდებარებიან მოხუცთა სახლში, ბავშვთა სახლებში მყოფი ადამიანები, ყველა ჩემი კოლეგა, ვინც მუშაობს კოვიდის კლინიკებში, ცხელების კლინიკებში, რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და ასე შემდეგ. ასევე, სატვირთო ავტომობილის მძღოლები, მუშავდება მეშახტეების ტესტირების ალგორითმი და კიდევ არის რამდენიმე ჯგუფი, რომელიც ტესტირებას ექვემდებარება. ასევე, თვითიზოლაციიდან გამოსვლის დროს ადამიანები ტესტირებას ექვემდებარებიან“, – განაცხადა გამყრელიძემ.