ამირან გამყრელიძე: პროცესი სრულად მართვადია, მაგრამ მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება, შეიქმნა ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მდგომარეობა საყურადღებოა.

მისივე თქმით, მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება და შეიქმნა ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია, რაც არასწორია.

„დღეს ახალი ინფიცირების 24 შემთხვევაა, მთლიანად კი 1073 შემთხვევა არის ქვეყანაში 26 თებერვლიდან მოყოლებული. ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა 7-8-10-11 შემთხვევა, დღეს კი გახლავთ 24. პირდაპირ გეტყვით, რომ პანიკის საფუძველი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ეს არის ფრიად საყურადღებო.

ეს გარკვეულად პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი შემსუბუქების პოლიტიკას და ყველა ქვეყანაში ასე იყო, შემსუბუქების პროცესში მოსალოდნელია შემთხვევათა რაოდენობის მატება. მთავარია, მატება იყოს კონტროლირებადი და მართვადი. დღეს ქვეყანაში ეს პროცესი არის სრულად მართვადი, ამიტომ მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენთან, მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება, შეიქმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ უკვე კორონავირუსი, არა, ჩვენ არ დაგვიმარცხებია. კორონავირუსული პანდემიის დამარცხება მოხდება მხოლოდ ერთიანად, გლობალურად, ეს ვერ მოხდება ცალ-ცალკე ქვეყნებში. კორონავირუსი არის ჩვენთან ერთად და ჩვენ ვცხოვრობთ მასთან ერთად.

ამასთან, ხუთიდან შვიდამდე შემთხვევაა, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე, დაახლოებით ამ ფარგლებშია და ეს ნიშანია იმისა, რომ ინფექცია ტრიალებს, ცირკულირებს მოსახლეობაში, როდესაც პირველწყაროზე ვერ გავდივართ. ეს არ არის ღონისძიებების გამკაცრების, სხვადასხვა დასახლების ჩაკეტვის საფუძველი. გარდაბნის სოფლებში ჩვენ ყველა წყარო ვიცით, მაგრამ იმის გამო, რომ დამყოლობა არის ცუდი, უნდა განხორციელდეს ასეთი ღონისძიებები. სხვა შემთხვევებში ფართომასშტაბიან კვლევებს ყველა კონტაქტირებულთან ვაწარმოებთ და იმედია, უმრავლეს შემთხვევაში, პირველწყაროზე გავალთ, ეს არ არის ხოლმე ერთი დღის და ერთი საათის საქმე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები