მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, რადგან ახალი წყარო გაჩნდა, გარდაბნის რაიონის ე.წ. კლასტერი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან კორონავირუსის ახალი წყარო გაჩნდა.
მისივე თქმით, გამოკვეთილია გარდაბნის რაიონის ე.წ. კლასტერი.
„ჩვენი პიკური პერიოდები ყოველთვის დაკავშირებული იყო რაღაც ერთ დიდ კლასტერთან, ახლაც ასეთი ვითარებაა. მინდა, რომ არ გასცილდეს ამ სიტუაციას. ანუ ჩვენ ახლა გარდაბნის რაიონის ე.წ. კლასტერი გვყავს. საკმაოდ დიდი, ოთხი სოფელია, მათში მცხოვრებთა რაოდენობა 7000-ზე მეტია.
აქედან გამომდინარე, შემთხვევების მატება, ალბათ, მოსალოდნელი იყო, რადგან გაჩნდა ახალი წყარო „კოვიდ-19“-თან მიმართებით. მუნიციპალიტეტის კვლევა გაგრძელდება და თუ ჩვენ გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, არა მგონია, გასცილდეს ამ ახალ კლასტერს.
რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური, ქაღალდზე. ყველა რეგულაცია უნდა შესრულდეს.
ყველაფრის მართვა შეიძლება, თუ ყველა მოქალაქე, მაღალი პასუხისმგებლობით მივუდგებით ვითარებას, ხომ ვიცით, რომ კოვიდი არსად წასულა, დავიცვათ არსებული რეგულაციები და საპანიკო სიტუაცია არ გვექნება. კარგა ხანია, ასეთი რაოდენობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ყველაზე დიდი მაჩვენებელი ბოლოს გვქონდა 33 ახალი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში.
24 ახალი შემთხვევა ცოტა მომეტებულად გეჩვენებათ, მაგრამ ეს სრულიად გასაგებია, რადგან გარდაბანი დიდი მუნიციპალიტეტია, მისი მოსახლეობის კვლევა ტარდება. იმედია, ხვალ, ზეგ, მაზეგ, ინფიცირებულების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება”,- განაცხადა ეზუგბაიამ.