მარიამ ქვრივიშვილი: პოზიტიური მოლოდინები გვაქვს და ველოდებით, რომ შიდა ტურიზმზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შიდა ტურიზმი იმ საერთაშორისო მოგზაურების მოცულობას ვერ ჩაანაცვლებს, რაც საქართველოს წინა წლებში ჰქონდა.
მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო პერიოდში შიდა ტურიზმზე მოთხოვნა გაიზარდა.
„რა თქმა უნდა, შიდა ტურიზმი ვერ ჩაანაცვლებს იმ საერთაშორისო მოგზაურების მოცულობას, რაც ჩვენ გვქონდა, მათ შორის, გასულ წლებში, თუმცა ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, რომ შიდა ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოზიტიური და მზარდი ტრენდია. მოხარულები ვართ, რომ, ბოლო სტატისტიკებით, გარკვეულ კურორტებზე, სადაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ჭარბია ტურისტული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით – შაბათი-კვირა, პარასკევის პერიოდში დატვირთულობის კოეფიციენტმა 70%-დან 80%-მდე მიაღწია. უკუკავშირი გვაქვს სასტუმროებისგან, მათთან ყოველდღიურ რეჟიმში ვურთიერთობთ და ძალიან სასიხარულოა, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, გავუღვივეთ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის სურვილი. მოლოდინი კიდევ უფრო პოზიტიური და ოპტიმისტური გვაქვს და ველოდებით, რომ შიდა ტურისტული ნაკადები უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.