ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე დამატებით ორი პირია დაკავებული. გამოძიება მათ ინფორმაციის შეუტყობინებლობას ედავება. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები იმ ბინაში ცხოვრობენ, სადაც მკვლელობა მოხდა.
გარდაცვლილი ქალის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, ოჯახი დაზარალებულის სტატუსს ოფიციალურად დღეს მიიღებს, რის შემდეგაც საქმეში ჩაერთვებიან. უფლებადამცველებსი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
“გუშინ რომ ვესაუბრეთ პროკურორს, გვითხრა, დაკავებები გაგრძელდებოდა. არსებული ინფორმაციით, კიდევ ორი პირი, სავარაუდოდ, ადგილობრივები არიან დაკავებილი. არ არის გამორიცხული, მათი რაოდენობა გაიზარდოს. დღეს, ალბათ, ოფიციალურად ჩავერთვებით და გადმოგვეცემა საქმის მასალები. მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია, რამდენიმე ვერსია განიხილება, მაგრამ მკვლელი და მოკლული მეგობრობდნენ და არ ვიცით, რა მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევის დროს კაცის ხმაც ესმოდათ და დაზუსტდება, იყო თუ არა ეს დაკავებულის მეუღლე”, – ამბობს ციცინო ბაბუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში 30 წლამდე ქალი საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი 18 ივლისს იპოვეს. მომხდარზე მკვლელობის ბრალდებით 45 წლის ქალია დაკავებული. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.