ამირან სალუქვაძე: გადავხედე თავდაცვის ბიუჯეტის მფლანგველის მიერ შეკვეთილ, მიზანმიმართულად ოპოზიციის სასარგებლოდ ჩატარებულ კვლევას და ბევრი აბსურდია

„მაგარია, თავდაცვის ბიუჯეტის მძარცველი პოლიტიკურ კვლევებს უკვეთავს – ერთი კითხვა ჩაეწერათ, მაგალითად, როგორ აფასებთ 2008 წლის ომის წინ თავდაცვის ბიუჯეტის ყვლეფას და ლარიანი ვაზნის 2 ლარად შეძენას? ნახავდით შედეგებს”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, კვლევაში ბევრი აბსურდია.

„8 წელი პრორუსული ხელისუფლება მართავსო, გაიძახით და მოსახლეობის 92% ნატოს მომხრეა. ლოგიკა? რით ვერ გააპრორუსულეს 8 წელში მოსახლეობა? ე.ი. ან თქვენ ცილს სწამებდით ოცნებას 8 წელი, ან თქვენი კვლევაა ბოდვა. ოცნებას 39% აძლევს ხმას. ამ დროს პოზიტივი-ნეგატივის რეიტინგში რამდენიმე ოპოზიციური პარტია ლიდერობს, ოცნება სადღაც დაკარგულშია. ეს რანაირად? ოპოზიციამ პირველი 6 მაჟორიტარობის კანდიდატი 19 ივნისს დაასახელა, კანდიდატებზე შეჯერებულები დღემდე არ არიან, თქვენ კი 23 ივნისიდან გამოკითხვას ატარებთ და ოპოზიციის ამ რამდენიმე კანდიდატს კვლევაში რთავთ. ეს ნორმალურია? ნორმალური სოციოლოგები ელოდებიან როცა ყველა პარტია დაასახელებს მაჟორიტარებს და მერე ატარებენ, ან პარტიული ნიშნით იკვლევენ მაჟორიტარულ ოლქებსაც. სულ 2101 კაცი გამოკითხეთ და მაჟორიტარული ოლქები როგორ გამოიკვლიეთ, რესპოდენტები თანაბრად გაანაწილეთ ოლქებად, თუ ზესტაფონელს გლდანზეც ჰკითხეთ და ჩხოროწყუზეც? ან მელიას გლდანის ოლქი რომ მოაგებინეთ, რა იცით, ვინ ეყოლებათ სხვა პარტიებს? არაკორექტული კვლევაა, ხომ? ადამიანებს სტრესავენ გამოკითხვის დროს (სამსახური, ფასები, პანდემია, ოხრობა) და მერე ეკითხებიან მთავრობა თუ მოგწონს და სწორი გზით თუ მივდივართო? თუ ობიექტური შედეგები გსურთ, კვლევები მხოლოდ არჩევნებს უნდა ეხებოდეს. ისე, თავად რესპოდენტი ქუჩაში რომ გააჩერეთ, სწორი გზით მიდიოდა? სწორად თუ მიდიოდა, თქვენ როგორ გადაგეყარათ? ახლა ოპოზიციას მივსდგეთ. ორი წელია გეუბნებით, გაიხსენეთ, 2018 წლის შემოდგომიდან ჩემი ეთერები, ტოკ-შოუები, ინტერვიუები, თვითმარგინალიზაციის გზაზე ხართ მეთქი. გწყინდათ. ახლა ხომ ხედავთ სანამდე მიხვედით? თქვენივე ჩატარებულ მიკერძოებულ, სტრესულ, მიზანმიმართულ გამოკითხვაში ოცნებას 39% აქვს. მე-2 ადგილზე მყოფს 3-ჯერ ნაკლები, ანუ თითქმის დაადასტურეთ გორბის კვლევა. 9 პარტიას 17% აქვს. კვლევაში არ იყო ყველა პარტია, ალბათ 50 პარტია მაინც მიიღებს მონაწილეობას, თორემ შედეგები კიდევ უფრო გაიშლებოდა. მაგრამ აი, თქვენ, ბოლოდან 9 პარტია, 1-2%-ანი რეიტინგებით, რისთვის ირჯებით, რა მიზანი გაქვთ? შეტენით თითო-ოროლა ლიდერს პარლამენტში, მიიღებთ დეპუტატის ხელფასს, პარტიებს ხალხის ხარჯზე მოუპოვებთ დაფინანსებას, მაგ ფულით გავარდებით და ჯიპებს იყიდით, ესაა მიზანი? თქვენი როლი კი პარლამენტში იქნება ნულოვანი, დაკავდებით სანახაობების მოწყობით და ვაჭრობით. ხალხი მინდა წინასწარ გავაფრთხილო, ყველაზე საშინელი პარლამენტი იქნება, ჭრელი, სანახაობებზე ორიენტირებული, თუ არ გააკეთებთ სწორ დასკვნებს. რაც შეეხება შედარებით მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს, უკან-უკან მიდიხართ, მაგრამ გიკავიათ, უფრო სწორად, დაპყრობილი გაქვთ ის სივრცე, რომელიც სხვა პარტიებს განვითარების საშუალებას უნდა აძლევდეს. ამას წინათ ვთქვი და გავიმეორებ, ოპოზიციური ველი, ოპოზიციური პარტიები, დრომოჭმული პოლიტიკური ლიდერების მძევლები არიან. ამ შედეგებით მთელი ოპოზიცია შოკშია. მიდის ერთმანეთის ლანძღვა-თათხვა, სოცქსელში, მაგრამ გამოსავალს ვერ იპოვიან. ჯერ მხოლოდ დენდროლოგიური პარკის შესახებ რა უაზრობებიც წერეთ სოციალურ ქსელში, ეს გეყოფათ, რომ ოქტომბერში ეს შედეგებიც ვერ დადოთ. აშკარად „პიარშიკები” გაგიხუნდათ. ახლა სხედან ტელევიზიებში და სერიოზული სახეებით განიხილავენ კვლევის შედეგებს. მთავარი, რისი დადებაც სურდათ ის იყო, რომ ოცნება დამოუკიდებლად მთავრობას ვერ შექმნის, რადგან მათი ჭკუით ყველა მაჟორიტარულ ოლქს ოპოზიცია იგებს. მასე გააგრძელეთ. რჩევებს ადრე გაძლევდით, განახლებისკენ მოგიწოდებდით, კრიტიკად და საწყენად იღებდით. დასრულდა ეს დრო. ისე, მაგარია, თავდაცვის ბიუჯეტის მძარცველი პოლიტიკურ კვლევებს უკვეთავს. ერთი კითხვა ჩაეწერათ, მაგალითად, როგორ აფასებთ 2008 წლის ომის წინ თავდაცვის ბიუჯეტის ყვლეფას და ლარიანი ვაზნის 2 ლარად შეძენას? ნახავდით შედეგებს. თუმცა, რეალურ შედეგებს ოქტომბერში ნახავთ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ეს შედეგები არ გაძლევთ სიმშვიდის ფუფუნებას. საჭიროა კიდევ უფრო მეტი ორიენტაცია ხალხზე, ნაკლები კინკლაობა ოპოზიციასთან. ხშირად პასუხიც არ უნდა გასცეთ”,- წერს ამირან სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები