თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა და აგროკონსულტანტებმა მათ რეკომენდაციები გააცნეს

თხილის მოსავლის აღების მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა და მათ რეკომენდაციები გააცნეს.

როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აგროკონსულტანტებმა მეთხილე ფერმერებს ნარგავებში აგროსამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და მოუწოდეს, იხელმძღვანელონ შემუშავებული სქემის მიხედვით, რათა მოსავლის უდანაკარგოდ და ხარისხიანად მიღება შეძლონ.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი – ზურაბ ჩეკურაშვილი, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი – ლაშა შალამბერიძე და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის გენერალური დირექტორი – გიორგი თოდუა ესწრებოდნენ.

„სახელმწიფო აგრძელებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს. აუცილებელია, მეთხილე ფერმერებმა გაითვალისწინონ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა წელს მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი მივიღოთ“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სააგენტო, „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელშიც ათი ათასობით მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. ფერმერთა ჯგუფები რეკომენდაციებს იღებენ 150 აგრონომ-კონსულტანტისაგან. წამლობისთვის გამოყოფილია 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი. „თხილის გადარჩენის პროგრამა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად 2019 წელს შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები (სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლითაც ისარგებლეს ფერმერებმა, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები). სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს.

აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, USAID/საქართველომ თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს 104 ათასი ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი) გადასცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები