ცესკო: უცნობი პირები უკავშირდებიან საოლქო საარჩევნო კომისიების ყოფილ წევრებს და ცდილობენ, მოიპოვონ ინფორმაცია, კვლავ დასაქმდებიან თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციაში

ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ცნობილი გახდა, რომ უცნობი პირები უკავშირდებიან საოლქო საარჩევნო კომისიების ყოფილ წევრებს, მათ შორის, პარტიების მიერ დანიშნულებს და ცდილობენ, მოიპოვონ ინფორმაცია, კვლავ დასაქმდებიან თუ არა ისინი საარჩევნო ადმინისტრაციაში, – ამის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშნული ფაქტი ცესკო-ს სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მორიგი შემთხვევაა.

“განვმარტავთ, ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატების წინასწარ მოძიებას არასდროს ახორციელებს და მათი შერჩევა ხდება მხოლოდ კონკურსის წესით, კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, შესაბამის პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, დანიშნონ წევრები საოლქო საარჩევნო კომისიებში და მათ შერჩევასთან საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს. შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცოტა ხნის წინაც გაავრცელა განცხადება ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვების მიზნით ცესკო-ს სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ დაინტერესებულ ორგანიზაციას, არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას, ვინაიდან ნებისმიერი სახის მცდარმა ინფორმაციამ შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო გარემოზე”, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები