საქართველოდან 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 640 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც 640 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2019 წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 5 539 ტონა შეადგინა.

“ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (61% – 3 796 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (30% – 1 857 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (7% – 417 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, სლოვენიის, მოლდოვასა და სინგაპურის რესპუბლიკებში (2% – 109 ტონა).

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართულნი არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები”, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით აქტიურად მუშაობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები