საგანგებო სიტუაციების სამსახური – “დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს”

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს.

უწყების ცნობით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებიდან.

“ოპერაციაში, ასევე, მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან.

მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა ოპერაციის მონიტორინგი.

დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შეტყობინება 13 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 13 ივლისს, საღამოს 15 წლის მოზარდის კვალი მას შემდეგ დაიკარგა, რაც ის საქონლის გადასარეკად მდინარის მეორე ნაპირზე ცდილობდა გადასვლას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები