მირიან ნიკოლაძე: ზოგიერთი არხის მხრიდან უზნეო დამოკიდებულების მიუხედავად, საქმეზე ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას მივაღწიეთ

“არ გავამხილეთ თავის დროზე, თუმცა მესამე დღესვე ოჯახმა, დედ-მამამაც იცოდა ბავშვის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, ცოტა მოგვიანებით კი ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ დაზიანებები სიცოცხლისდროინდელი იყო. ჩვენ ვფილტრავთ ინფორმაციას და საზოგადოებას მას ვაწვდით ისე, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში – „არენა“ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაზარალებულებს უნდათ ერთადერთი რამ – დადგინდეს, ვინ არიან მკვლელები.

„თავიდანვე ვცდილობდით, რომ იმ კალაპოტში მოგვეხვედრებინა ეს საინფორმაციო ნაკადი, რომელშიც უნდა ყოფილიყო – მე ვგულისხმობ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას. ახლა, მიუხედავად უამრავი მცდელობისა და საშინელი, ამორალური და უზნეო დამოკიდებულებებისა ზოგიერთი არხის მხრიდან, ეს მისია შესრულდა. დარჩა იმის გარკვევა, უშუალოდ ვის წარედგინება ბრალდება ჩვენ მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციით. ადამიანებს არ ვაღიზიანებთ, უბრალოდ, როდესაც ახალს არაფერს ამბობ, ჩემთვისაც, მაყურებელი რომ ვყოფილიყავი, ეს მოსაბეზრებელი იქნებოდა. ამიტომ ვიკავებდით თავს ტელეეთერში გამოჩენისგან.

არსებობს პროცესუალური ვადები, შესაბამისად, გამოძიებას აქვს გარკვეული ფარგლები. დარჩენილია, დაახლოებით, 2 კვირა. შსს-სა და პროკურატურის ხელმძღვანელობასთან ერთერთ წინა შეხვედრაზე ოჯახმაც, დედამაც და მამამაც დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ ამ ვადებში ელოდებოდნენ პროკურატურის საბოლოო დასკვნას გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ბუნებრივია, ეს არავინ იცის, ვინაიდან მოცულობიდან გამომდინარე ამას ბევრი ნიუანსი აქვს. თუმცა, ვიტოვებთ იმედს, რომ ამ ვადაში მოესწრება. ერთადერთი, რაც ვიცოდით თავის დროზე, ეს იყო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ზუსტად იმ ვადაში, რაც ჩვენ ვუთხარით მოსახლოებას, დასკვნა მოვიდა.

არ გავამხილეთ თავის დროზე, თუმცა მესამე დღეს ოჯახმა, დედ-მამამაც იცოდა ბავშვის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, შემდგომში ცოტა გვიან ვიცოდით დაზიანებების სიცოცხლისდროინდელობა. შემდეგ საჯარო გახდა ეს დასკვნა.

ჩვენ ვფილტრავთ ინფორმაციას და საზოგადოებას მას ვაწვდით ისე, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი.

ვაბალანსებთ, რომ არც საინფორმაციო ვაკუუმი იყოს. დაზარალებულებს უნდათ ერთადერთი რამ – დადგინდეს, ვინ არიან მკვლელები“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები