“შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარის ავტორი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი არ არის” – განათლების სამინისტრო
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმეთან დაკავშირებით ერთერთი მოქალაქის მიერ (რომელსაც პროფესიად პედაგოგი ჰქონდა მითითებული) სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს ეხმიანება.
როგორც “კვირას” სამინისტროში დასმული კითხვის პასუხად განუცხადეს, კომენტარის ავტორი, ლია ჩხენკელი არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი პედაგოგი არაა.
“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ თითოეული მოქალაქისთვის სრულიად მიუღებელ კომენტარს, რომელიც, თითქოს, საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ არის დაწერილი. სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული სოციალური ქსელის მფლობელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ლია ჩხენკელი სოციალურ ქსელში „მთავარი არხის” კომენტარებში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით წერს – „ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”.
მოგვიანებით, მან საზოგადოების მხრიდან კრიტიკული კომენტარების მოსმენის შემდეგ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ წერისას დაუშვა შეცდომა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.