მამაკაცის მიმართ, რომელმაც გოგონას ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, პროკურატურამ გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა
საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს შ.გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას.
სამართალდამცველებმა ს.შ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის თებერვალსა და მაისში შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
2020 წლის 13 ივლისს შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ1“ და “ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.