შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები: ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ.
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილითა და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.