სახალხო დამცველის აპარატი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება

სახალხო დამცველის აპარატი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენი ავრცელებს.

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის გამო. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ, ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენცია ან/და მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება.

პირის სიცოცხლის მოსპობის ნებისმიერ საქმეზე სახელმწიფო ორგანოების უპირველესი ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების წარმოება და პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებაა.

2020 წლის 13 ივლისს სახალხო დამცველი შეხვდა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს და მოისმინა მათი პოზიცია და მოსაზრებები საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ. ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას.

ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უკვე მოინახულეს 17-ვე ბრალდებული. აპარატი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას, საქმის შესწავლის პარალელურად, შეხვდეს და მოუსმინოს ბრალდებულთა ადვოკატებს, რათა მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიების მისამართით მათი წუხილების ან/და საპროცესო უფლებდარღვევების თაობაზე”, – ნათქვამია ომბუდსმენის ინფორმაციაში.

სახალხო დამცველის აპარატი ოფიციალურად მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის თხოვნით, რათა შევისწავლოთ გამოძიების ეფექტურობა და, მეორე მხრივ, შევაფასოთ სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

“პარალელურად, შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას მივაწვდით საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციასა და  ჩვენს შეფასებებს. ვფიქრობთ, ჩვენი, როგორც მიუკერძოებელი მხარის შეფასება მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები