იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ჟანდარმერიის ბარათები ვებპროგრამის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ჟანდარმერიის ბარათები ვებპროგრამის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცულია რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს ფონდი. ამ ფონდში გაერთიანებულ დოკუმენტთა შორისაა კარტოთეკა, რომელიც კავკასიის სხვადასხვა გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოებში 1904-1917 წლებში შედგენილი 5000-ზე მეტი ბარათისგან შედგება. ამიერიდან, ბარათების ელექტრონული ვერსიის ნახვა ყველა დაინტერესებული პირის ეროვნული არქივის ვებგვერდზე შეუძლია: https://archive.gov.ge/ge/tbilisis-guberniis-zhandarmta-sammartvelo-1
“კარტოთეკის ბარათებზე თავის დროზე მოხვდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები, რევოლუციონერები, აგენტები, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული პირები, მათ შორის, ქალები და არასრულწლოვნები.
თითოეული ბარათი მოიცავს ინფორმაციას ჟანდარმერიის მიერ დაკავებული ან ძებნილი პირის თაობაზე. მათ დიდ ნაწილში შეტანილია პირთა ბიოგრაფიისა და ფიზიკური მახასიათებლების დეტალები, ასევე, ფოტოსურათები და თითის ანაბეჭდები, ხოლო მცირე ნაწილში მხოლოდ პირის სახელი და გვარია დაფიქსირებული.
კატალოგი XX საუკუნის დასაწყისის ისტორიითა თუ კონკრეტული პირების ბიოგრაფიით დაინტერესებულ მკვლევრებს ჟანდარმერიის ბარათების გაცნობისა და კვლევაში გამოყენების საშუალებას აძლევს. კატალოგის შევსება და ბარათების დამატება ჯერ კიდევ მიმდინარეობს”, – ნათქვამია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.