ლუიზა ვინტონი საოკუპაციო ხაზთან 33 წლის მამაკაცის დაკავებაზე: სამწუხაროა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

“სამწუხაროა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მსგავსი შემთხვევები გაიზარდა”, – ასე ეხმაურება საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, ლუიზა ვინტონი კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ 33 წლის მამაკაცის დაკავებას.

ლუიზა ვინტონი, იმედოვნებს, რომ ასეთი შემთხვევები სწრაფად იქნება გამოძიებული.

“ასეთ შემთხვევებზე კომენტარები უნდა გააკეთონ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა, გაერო-მ მთლიანად. გაერო-ს განვითარების პროგრამის სახელით, რომელიც, რა თქმა უნდა, გაერო-ს ოჯახის ნაწილია და ჩვენც ვაკვირდებით მოვლენებს დიდი ყურადღებით, ხანდახან – შეშფოთებით და მინდა, გითხრათ,  ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, დავაფიქსიროთ მოსაზრება, რომ ადამიანის უფლებები უმნიშვნელოვანესია ისევე, როგორც – გადაადგილების თავისუფლება. ამიტომ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან სწრაფად და ეფექტურად იქნება გამოძიებული”, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სოკოს საკრეფად იყო წასული, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები