ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ USAID/Zrda-სთან ერთად ერთობლივ საინფორმაციო კამპანია დაიწყო
ტურიზმის სექტორისთვის კოვიდ-19 დაკავშირებული რეგულაციების ადაპტაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ USAID/Zrda-სთან ერთად ერთობლივ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოხალისეები სასტუმროების, კვების ობიექტების და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ აცნობენ და სპეციალურ ბროშურებს აწვდიან.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია USAID/Zrda-სთან ერთად ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რაც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ განთავსებისა და კვების ობიექტებს, ასევე კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებს დაეხმარება. პროექტის მიზანია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ პირებს კონსულტაცია გავუწიოთ, თუ როგორ მოახდინონ ადაპტაცია კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებთან. ეს რეგულაციები უკვე ეტაპობრივად ინერგება ტურიზმის ინდუსტრიაში. იმ მიზნით, რომ კერძო სექტორმა მიიღოს სწორი ინფორმაცია, თუ რა უნდა გააკეთონ, რომ უსაფრთხოდ მოემსახურონ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს ჩვენ ჩავრთეთ მოხალისეების დიდი ჯგუფი, ახალგაზრდები, სტუდენტები, ისინი მათ აცნობენ ინფორმაციას, აწვდიან ბროშურებს და ჩვენ კერძო სექტორს სარეკომენდაციო ფორმით ვუწევთ დახმარებას”,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.