სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას კავშირგაბმულობის აღჭურვილობა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, კავშირგაბმულობის თანამედროვე აღჭურვილობა და საკომუნიკაციო საშუალებები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე სპეციალური აღჭურვილობის შესაძლებლობებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე პირადად გაეცნო.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და რადიოსაკომუნიკაციო სისტემის განახლება. ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ახალი საკომუნიკაციო აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს სანაპირო დაცვის მოთხოვნებს და კავშირის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA), საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სანაპირო დაცვისა და სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.