საქართველოს საპატრიარქო: ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება

“ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო იმედოვნებს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია-სოფიას, რომელიც აშენდა, როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის 1000 წლის მანძილზე, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს.

ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ – ჩვენი, როგორც ერთერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად.

იმედი გვაქვს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება, რაც ფრიად სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისათვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები