ადვოკატი: ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია, ყველა ჩვენებაში ვამბობთ, რომ მას მისდევდნენ საცემად – ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია

“ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია, პირველი ჩვენება არის თხრობა და მეორე ჩვენება არის კითხვა-პასუხი, ანუ ეს არის ჩვენების დაზუსტება და არა – ჩვენების შეცვლა”, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის, ვახო ახვლედიანის ადვოკატმა, მზია ქასრაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს, ახვლედიანმა შეცვალა ჩვენება და თქვა, არ მომდევდნენ საცემადო.

“ძალიან ცუდი განცხადებები გაკეთდა, ცუდად შეფუთული ინფორმაცია მიაწოდეს ოჯახს. არანაირი უფლება არ მაქვს, რომ ოჯახს ვუსაყვედურო, რა ინფორმაციაც მიაწოდეს, იმის საფუძველზე გააკეთეს მათ ეს განცხადებები. ჟურნალისტებს, ტელევიზიებს მოგმართავთ, ჩემ მიერ გაკეთებულ ინფორმაციას არც დააკლოთ და არ მიამატოთ არაფერი, არსებობს ოფიციალური ინფორმაცია და მისთვის რამის მოკლება ან მიმატება არ შეიძლება.

ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია, პირველი ჩვენება არის თხრობა და მეორე ჩვენება არის კითხვა-პასუხი, ანუ ეს არის ჩვენების დაზუსტება და არა – ჩვენების შეცვლა. ყველა ჩვენებაში ვამბობთ, რომ მას მისდევდნენ საცემად. კითხვა აქვს გამომძიებელს დასმული, თქვენ მიმართ თუ იყო ზიანის მიყენების ან რაიმე ცემის, წამების, განადგურების მუქარა, ასეთი მუქარა არ ყოფილა, მაგრამ მათი ქმედებით ყველაფერი იყო ნათელი, ისინი მოგვდევდნენ საცემრად, დასაპატიჟებლად – არა. პირველ ჩვენებაშიც და მეორე ჩვენებაშიც ამას ამბობს – “ისინი მოგვდევდნენ საცემად”, – განაცხადა მზია ქასრაშვილმა.

ახვლედიანის ადვოკატმა დეტალურად ისაუბრა, თუ სად იყო ახვლედიანი იმ ღამით, როგორ დატოვა ინციდენტის ადგილი და რატომ არ დევს საქმეში სისხლიანი პერანგი. მზია ქასრაშვილის თქმით, ახვლედიანს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია, ის მხოლოდ გაშველებაში მონაწილეობდა, რის დროსაც მის პერანგზე აღმოჩნდა სისხლი და შესაძლოა, გაშველების დრო მოხვდა ხელი.

“როდესაც მოხდა პირველი ჩხუბის ინციდენტი, ახვლედიანი პირველ წამებში იყო იქო, არ არის სწორი ინფორმაცია. შემდეგ გამოჩნდა ახვლედიანი, როცა ყველაფერი დაწყნარდა. ის აწყნარებს და აშოშმინებს ხალხს, თვითონ ამბობს, დასაშოშმინებლად მივედიო, შემდეგ შაქარაშვილიც გამოვიდა და აწყნარებდნენ ხალხს. ჩხუბში მას მონაწილეობა არ მიუღია.

სისხლიანი პერანგი საქმეში არ დევს. როდესაც ახვლედიანი მივიდა სახლში, ეს პერანგი, რომელიც იყო დახეული, დასისხლიანებული, ჩააგდო ნაგვის ურნაში. პერანგი იყო სისხლიანი, რადგან ამბობს, გაშველების დროს შეიძლება, მომხვდაო. თვითონაც არ იცოდა, სისხლიანი თუ იყო და ეს კარგად ჩანს კადრებში. როცა შაქარაშვილი ეუბნება, ეს რა არისო, თვითონაც იხედება და თვითონაც არ იცოდა. ეტყობა, გაშველების დროს მოხვდა ხელი.

ხიდზე უხვევს და ჩადის ბუჩქებში, 4 მეტრი, დაახლოებით, ციცაბოა და ვეჭიდებოდი ბუჩქებს, ეკლებს და სწორედ აქ დაისვარა და დაზიანდა პერანგი, თვითონაც ეკალ-ბარდებითაა დაჩხაპნილი. სახლში რომ არ შეშინებოდათ, გავიხადე და გადავაგდე პერანგიო, ეს დაფიქსირებულია ჩვენებაში”, – აცხადებს მზია ქასრაშვილი.

კითხვაზე, რატომ არ დარეკა პოლიციაში ახვლედიანმა, ადვოკატი პასუხობს, რომ დაბნეულობისა და ნერვიულობის გამო ვერ მოიფიქრა.

“არ დარეკა პოლიციაში, ვერ მოიფიქრა. პირველი ინციდენტის დროს მას დარეკილი არსად არ აქვს, მეორე ინციდენტის დროს საშველად მეგობრებს ურეკავს.

მან არაერთხელ დაურეკა მეგობრებს და, თუ არ ვცდები, ლუკა ბეჟანიშვილმა გაუგზავნა ტაქსი. ახვლედიანს შიში ჰქონდა, ვერ გამოდიოდა, დამალული იყო, ამიტომ მეგობარს უთხრა, ტაქსის მძღოლს მიეცა სამი სიგნალი, რომ შეეცნო თავისად და გამოსულიყო. მას ტაქსის მძღოლის ტელეფონი არ ჰქონდა”, – განაცხადა მზია ქასრაშვილმა.

მზია ქასრაშვილი ჰყვება ორივე ინციდენტის შესახებ, ასევე, იმაზე, როგორ დატოვეს ტერიტორია ამირხანაშვილმა, ახვლედიანმა და შაქარაშვილმა პირველი ინციდენტის შემდეგ, ხოლო როდესაც ქათამაძესთან მისაშველებლად დაბრუნდნენ, უკვე მეორე მანქანა გაჩერდა და მეორედ მოუწიათ გაქცევა.

“ლისზე რომ წავიდნენ 6 თუ 7 კაცი, დარჩა ეს 6 ადამიანი. კარგად ჩანს, რომ კარგ ხასიათზე არიან, ამ დროს ჩერდება მანქანა და გადმოდის 2 დიდი ადამიანი რკინის ხელჯოხით, ახვლედიანი ასე ამბობს. ერთს უქნევს კოკოს და ფეხზე ხვდება, მეორეს – ქათამაძეს, გადახსნილი აქვს სახე და ვარდება იქვე. ახვლედიანი, შაქარაშვილი და ამირხანაშვილი მორბიან და არ ვიცით, ფოტოგრაფი უკვე ამ დროს სად არის. ამის შემდეგ თითქმის გადმორბიან არაგვის ხიდს, დაახლოებით, 1 კილომეტრს. იხედებიან უკან, არავინ  მოსდევთ და ბრუნდებიან მეგობრებთან. მათ ხვდებათ მხოლოდ ქათამაძე, მეორე, როგორც მერე გავიგე, გადაუდგა ტაქსის, გააჩერა და დაბრუნდა თბილისში. როდესაც მიუახლოვდნენ ქათამაძეს, ამ დროს ჩერდება მეორე, უფრო მუქი ფერის მანქანა, გადმოდის ორი მამაკაცი, გინებით მორბიან და ესენიც გაიქცნენ ისევ მცხეთის მიმართულებით. გავრბოდი მანამ, სანამ არ დავინახე ბეტონის ფილა, რომელიც გაწყდა და მანდ ჩავუხვიეო, ამბობს ახვლედიანი. პირველი მიდიოდა შაქარაშვილი, შემდეგ – ახვლედიანი და უკან – ამირხანაშვილი. ჩახვევის შემდეგ ვინ სად დაიმალა, აღარაფერი აღარ დაუნახავს. ის, რომ ახვლედიანმა დაინახა, შაქარაშვილს მისდევდნენ, არაა სწორი, ჩახვევის შემდეგ აღარ დაუნახავს. ზუსტად ვერ ასახელებს, მოსდევდა 2 თუ 3 პიროვნება.

ვინ დაარტყა, ამაზე ამბობს, რომ დეტალურად პიროვნების ამოცნობა არ შეუძლია სიბნელის გამო, თუმცა, სილუეტის ამოცნობა შეუძლია”, – აცხადებს მზია ქასრაშვილი.

მზია ქასრაშვილის თქმით, ვახო ახვლედიანმა შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ მეორე დღეს გაიგო. ასევე, აღნიშნავს, რომ ცრუ ინფორმაციები არ უნდა გავრცელდეს და ყველას ვალდებულებაა, სწორი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებასა და გამოძიებას.

“ახვლედიანის ოჯახთან გუშინაც მქონდა კომუნიკაცია, მოხდა საშინელი ფაქტი, მიუცვივდნენ ჟურნალისტები ახვლედიანის დედას სახლში და ეუბნებიან, რომ იცით თუ არა, რომ თქვენი შვილი მკვლელია და ბრალი აქვს წაყენებული. შაქარაშვილის ოჯახთან კონტაქტი არ მქონია.

ახვლედიანმა გიორგის დაკარგვის შესახებ გაიგო მეორე დღეს, როდესაც ურეკავს ანი გაბეჩავას, ვისი დაბადების დღეც იყო და ეკითხება, იპოვეს ყველა ბიჭი? ანი ეუბნება, რომ შაქარაშვილი დაკარგულია და რატომ არ აკეთებთ არაფერს? არ ურეკავთ მშობლებს? – ამას ეუბნება ახვლედიანი ანის. შაქარაშვილს არ ჰქონდა ტელეფონი, ამიტომაც ახვლედიანი ამბობს, რომ მთელს ღამეს იქ გაატარებდა, რომ სცოდნოდა, შაქარაშვილი მისი მიმართულებით წავიდა. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ მომეძებნაო იმიტომ, რომ იქვე დაახლოვდნენ და დამეგობრდნენ, იმდენად დადებითი ადამიანი იყო გიორგი შაქარაშვილი. ახვლედიანი ახლაც სტრესშია და ნერვიულობს.

ნებისმიერი ადამიანის ვალდებულებაა, ვისაც კი გვექნება რაიმე ინფორმაცია, დავეხმაროთ გამოძიებას, ოღონდ ისე არა, რომ ცრუ ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას”, – აცხადებს მზია ქასრაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები