გიორგი გახარია: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს რთველის სუბსიდირება

“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს რთველის სუბსიდირება, განსაკუთრებით ისეთი ჯიშებისა, როგორიც არის “რქაწითელი” და “კახური მწვანე”, რომლის ფასიც 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა შესყიდვებშიც ჩაერთვება.

„რთველი გვიახლოვდება. ერთერთი სამიზნე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის გახლავთ სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში. გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში როგორ ვითარდება მევენახეობა და მეღვინეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ მეღვინეობა ქართულ ექსპორტში 2012 წელს იყო, დაახლოებით, 2 და 5% და, დღეის მონაცემებით, ეს არის 6%. ეს არის ძალზე სერიოზული დინამიკა განვითარებისა, დარგის ზრდის, ამიტომ შეუძლებელი იყო, ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით, რთველის პირობებში.

ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს რთველის სუბსიდირება, განსაკუთრებით ისეთი ჯიშებისა, როგორიც არის “რქაწითელი” და “კახური მწვანე”, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები. ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება აქვს მიღებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს. თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უკიდურესი აუცილებლობა გახდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ მინიმალური ფასი ქართულ ყურძნებზე – “რქაწითელსა” და “კახურ მწვანეზე” იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა კრიზისის პირობებში, რაც ჩვენ შეგვიძლია, დღეს დახმარების სახით გავუწიოთ ქართველ მევენახეებს”, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები