შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, გ.ო. 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მუხრანში დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას – 1968 წელს დაბადებულ ა.ო.-ს და ბაბუას – 1945 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ო. 9 ივლისს, მუხრანში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.