ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ საზღვარზე კონტროლის საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა, შესაბამისად, 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობო გახსნით პროცესის მართვის მოლოდინი არსებობს.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული 5 ქვეყანასთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება.
“საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და გამოვლენა ყველა შემთხვევისა. აქედან გამომდინარე, მოლოდინი კვლავ არის ისეთი, რომ ჩვენ პროცესი გვექნება სრულად კონტროლზე აყვანილი და ეს არ იქნება საფრთხისშემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები, აქედან გამომდინარე, მივიღეთ ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა. იმ მგზავრებს, რომლებიც იმგზავრებენ ამ 5 ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით, ექნებათ ვალდებულება, შეავსონ გარკვეული მონაცემები, სადაც იქნება მგზავრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ეს მგზავრი ბოლო 14 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ გვექნება სრული ინფორმაცია ამ მგზავრების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაუფიქსირდება ტემპერატურა, უკვე აეროპორტშივე მოხდება ამ მგზავრზე PCR ტესტის აღება და ამის შემდეგ უკვე ჩვენ გავატარებთ იმ საჭირო ღონისძიებას, რომელსაც მგზავრის მდგომარეობა მოითხოვს”, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის.