სერბეთში ე.წ. კომენდანტის საათის შემოღებამ არეულობა გამოიწვია – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბელგრადში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით დაწესებულმა ე.წ. კომენდანტის საათმა არეულობა გამოიწვია.

გვიან ღამით ქალაქის ქუჩებში ხალხი გავიდა და პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის გადადგომა მოითხოვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქცია მალევე სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეკრებილები პოლიციის მისამართით ქვებს ისროდნენ, ნაწილი პარლამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდა. ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

სერბეთში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ივნისში გაუქმდა. პრეზიდენტის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ეს ნაადრევი გადაწყვეტილება იყო. ოპოზიცია ამბობდა, რომ შეზღუდვების მოხსნით ვუჩიჩს 21 ივნისს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდოდა, რომელიც საბოლოდ მისი პარტიის გამარჯვებით დასრულდა.

თუმცა, არჩევნების მერე ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა, 7 ივლისს კი 13 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის აბსოლუტური რეკორდი იყო.

ამ ფონზე ვუჩიჩმა დედაქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები