სატყეო სპეციალობის 26 კურსდამთავრებული ახმეტასა და დედოფლისწყაროში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდება
მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების თეორიული და პრაქტიკული კურსი დასრულდა, რის შემდეგაც სატყეო სპეციალობის 26 კურსდამთავრებული ახმეტასა და დედოფლისწყაროში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდება.
ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, გასულ წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი მომზადდა. სააგენტოს ინფორმაციით, მათი სპეციალისტების მიერ 15 ახალგაზრდა მეტყევე გადამზადდა, რომელიც ინვენტარიზაციის სამუშაოებზე ლაგოდეხში დასაქმდა. სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ წელს გადამზადების მსურველთა რაოდენა თითქმის გაორმაგდა.
“სატყეო სექტორში ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადება – დარგის განვითარება დამოკიდებულია სწორედ ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებზე, რომლის ნაკლებობასაც სექტორი წლების განმავლობაში განიცდიდა, შესაბამისად, სატყეო საქმის სპეციალისტების გადამზადება და დასაქმება ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე, გასული წლის მსგავსად, სააგენტოს ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.