ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა – “უახლოესი თვეები ტრაგიკული იქნება”
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა სიგალ სადეცკიმ თანამდებობა დატოვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სადეცკიმ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობის ქმედება გააკრიტიკა.
“კორონავირუსის პირველ ტალღასთან ბრძოლა პროფესიული და კეთილსინდისიერი ხელმძღვანლობით წარიმართა.
სამწუხაროდ, რამდენიმე კვირაა, ვირუსთან ბრძოლის კომპასმა მიმართულება დაკარგა”, – დაწერა სადეცკიმ თანამდებობიდან გადადგომის განცხადებასთან ერთად.
მან მთავრობა “არასერიოზული და უსაფუძვლო გადაწყვეტილებების” მიღებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ძალიან ბევრი დრო დაიხარჯა დებატებზე, კონსულტაციებზე, ფორუმებსა და განხილვებზე.
ისრაელში კორონავირუსის მეორე ტალღაა. მთავრობამ მოხსნილი შეზღუდვების ნაწილი ისევ დააბრუნა.
7 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან ისრაელში კორონავირუსის 31 271 შემთხვევაა გამოვლენილი, 338 პირი გარდაიცვალა, ხოლო 18 131 განიკურნა.