მარინა ეზუგბაია: ევროპაში ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და ეს უნდა შევინარჩუნოთ
“ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მონაცემებს, კორონავირუსის ზომიერ, კონტროლირებად მატებას, არსებული რეგულაციების შენარჩუნებით, მეორე ტალღა თუ იქნება, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით, ისევე გავუმკლავდებით მეორე ტალღასაც”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებში მეორე ტალღის დაწყება, გამძაფრება, გარკვეულწილად, შეიძლება, საქართველოზეც აისახოს.
„მსოფლიოში მეორე ტალღაზე საუბრობენ და არის უკვე ნიშნები იმისა, რომ გარკვეულწილად ზოგიერთ ქვეყანაში განახლდა, ზოგიერთ ქვეყანაში გამძაფრდა. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მონაცემებს, ზომიერ, კონტროლირებად მატებას, თუ ჩვენ გავაგრძელებთ კოვიდთან თანაცხოვრების ამ რეჟიმში ურთიერთობას, არსებული რეგულაციების შენარჩუნებით, მეორე ტალღა თუ იქნება, იმედია, რომ ეს არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით, ისევე გავუმკლავდებით მეორე ტალღას.
ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე, ჩვენსა და სახელმწიფოზე. როგორც ვხედავ, სამივე ვექტორი ძალიან კარგად იქცევა. სახელმწიფო განსაკუთრებით უვლის ამ სიტუაციას, სამედიცინო სექტორი განსაკუთრებით ყურადღებითა და თავგანწირვით იბრძვის. ჩვენც, მოსახლეობაც, გარკვეულწილად, თუ გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, ალბათ, საგანგაშო მდგომაროება არ გვექნება.
მეზობელ ქვეყნებში მეორე ტალღის დაწყება, გამძაფრება, გარკვეულწილად, შეიძლება, აისახოს ჩვენზეც.
აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის რეგულაციებისა და მასთან დაკავშირებული ყველა პუნქტის სწორად, ადეკვატურად, დროულად გამოცხადება და შესრულება, ალბათ, უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ჩვენს ქვეყნაში ეს პრობლემა არ დადგეს, გავაგრძელოთ ზომიერი, კონტროლირებადი მატება.
ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაზე, მასში მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე. სახელმწიფომ თავისი სწორად გადადგმული ნაბიჯებით შეძლო, რომ ასეთი კონტროლირებადი ყოფილიყო კოვიდინფიცირებულების სიტუაცია ჩვენთან. ვხედავთ, რომ ევროპაში ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და ეს უნდა შევინარჩუნოთ, შევინარჩუნებთ ყველა ერთად – ჩვენ, სახელმწიფო, კლინიკები და მოქალაქეებზეა დიდი პასუხისმგებლობა რეგულაციების შესრულების თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.