ირაკლი კობახიძე: დავით ჭაკუა მხილებულია უმძიმეს დანაშაულებში და ის იყო რეჟიმის ერთერთი მძიმე წარმომადგენელი

“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დავით ჭაკუა მხილებულია უმძიმეს დანაშაულებში და ის იყო რეჟიმის ერთერთი მძიმე წარმომადგენელი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ფაქტი შეახსენებს ყველას, რომ არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

„ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გამომდინარე იქიდან, რომ მათ განახორციელეს ამ მძიმე დამნაშავის ექსტრადიცია. ეს ფაქტი შეახსენებს ყველას, რომ არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე 2012 წლამდე. ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად“, – განაცხადა კობახიძემ.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ძებნილი, დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა. დავით ჭაკუას, სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დავით ჭაკუა ფიგურირებს 2012 წელს პატიმრების წამების საქმეში, რის შემდეგაც ციხის კადრები გავრცელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები