ევროკავშირის მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა
ევროკავშირ-საქართველოს ადამიანის უფლებათა ყოველწლიური დიალოგის მე-13 რაუნდი 2 ივლისს დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და 2019 წლის მაისიდან დღემდე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განვითარებული მოვლენები შეფასდა.
როგორც “კვირას” პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიერ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით.
“ევროკავშირი ასევე მიესალმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებში მიმდინარე რეფორმებსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ წარმატებულ ღონისძიებებს”, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ დიალოგში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანლობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანლობდა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სამმართველოს უფროსი, რიჩარდ თიბელსი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დიალოგში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი – ქეთევან სარაჯიშვილი; საერთაშირისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი – ბექა ძამაშვილი და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი – თამუნა როსტიაშვილი.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დიალოგის შემდეგი რაუნდი 2021 წელს თბილისში გაიმართება.