საქართველოს პრეზიდენტობით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პირველი ონლაინსხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) პირველ ონლაინსხდომას დაესწრო და სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო საბჭოს, როგორც დარგის განვითარების ხელშემწყობი პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სხდომას, რომელსაც 45-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, გიორგი სვანიძე ხელმძღვანლობდა.

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი 2019 წელს გახდა. ამავე წელს ჩვენი ქვეყანა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2020 წლის პრეზიდენტ ქვეყნად ოფიციალურად დასახელდა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო გასული წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ოჯახის წევრია. რომ არა პანდემია, დედაქალაქი თბილისი საბჭოს სხდომის მასპინძელი იქნებოდა. მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საბჭომ პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი გაგვიხანგრძლივა. ვიმედოვნებ, მომავალ წელს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში საბჭოს სხდომის მასპინძლობის შესაძლებლობა მოგვეცემა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ერთერთი პრიორიტეტი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაა. ქვეყანაში ზეთისხილის პლანტაციების გაშენება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ონლაინსხდომას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – ხატია წილოსანი, რომელმაც ზეთისხილისა და მისგან წარმოებული პროდუქციის სასარგებლო თვისებების გარდა, აღნიშნული კულტურის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამორჩეულკულტურაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზეთისხილს დეგრადირებული ნიადაგის აღდგენის ხელშეწყობის და კლიმატზე მავნე ზეგავლენის შემცირების უნიკალური თვისება აქვს.

საბჭოს სხდომაზე პანდემიის პირობებში  პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველო ევროპაშიზეთისხილის მესამე ჰაბად დასახელდა.

როგორც გიორგი სვანიძემ აღნიშნა, ევროპა აზიის ქვეყნებს ზეთისხილისგან წარმოებული პროდუქციით საქართველოს ჰაბის საშუალებით მოამარაგებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ზეთისხილის ინდუსტრიის განვითარებასა და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს მადრიდში დაარსდა. საბჭოს მიზანი ზეთისხილის პირველადი წარმოებისა და ექსპორტის მხარდაჭერაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები