ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50 პროცენტზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – ერთი მეტრი.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, გამოცდის ჩატარების წესებში ახალი დაზუსტება შევიდა: მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა“, – აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებით დაზუსტდა, რომ ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა. ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის გაკეთება.
განათლების სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.
„კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს:
• ფიზიკური დისტანცია;
• დაცული უნდა იყოს ხელების ჰიგიენა;
• რესპირატორული ეტიკეტი;
• ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი;
• კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე;
• აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია;
• დაუშვებელია ერთი და იგივე ჰაერის რეცირკულაცია;
აქვე აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომელიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული
მითითებებით:
საგამოცდო ცენტრში უნდა ეკეთოთ (გარდა 37.0 C- ზე მეტი ტემპერატურისა და რესპირატორული რომელიმე სხვა სიმპტომის მქონე გამოსაცდელისა) ნიღაბი:
• სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;
• საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;
• სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;
• კონდიციონერის მუშაობისას.
• იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С – ზე მეტი ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, იგი ვალდებულია საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები პირველი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.