მამუკა მდინარაძე: ნათელაშვილის განცხადებებზე სერიოზული კომენტარი არ შეიძლება, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა აირჩია ის ლიდერად და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ
„ყველა, ჩვენ და, ალბათ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ამ კაცის, ამ პოლიტიკოსის განცხადებებზე კომენტარები სერიოზულად არ შეიძლება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მდინარაძის თქმით, საზოგადოება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყვეტილებებს შალვა ნათელაშვილის ლიდერობითაც მიიღებს.
„ყველა, ჩვენ და, ალბათ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ამ კაცის, ამ პოლიტიკოსის განცხადებებზე კომენტარები სერიოზულად არ შეიძლება. თავად ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა აირჩია ის ლიდერად, ხელმძღვანლად და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. არანაირი პრობლემა აქ არ არის. საზოგადოება, მათ შორის, შალვა ნათელაშვილის ლიდერობითაც მიიღებს გადაწყვეტილებებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა – “ქალთა ქვოტირებაზე არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური… ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების არჩევნები”.