თბილისის მერია განსაზღვრავს ადგილებს, სადაც მეწარმეებს ამტვერებადი და აალებადი მასალების წარმოება-დამუშავება და რეალიზაცია-განთავსება შეეძლებათ
“ამტვერებადი და აალებადი, ასევე, ნიადაგის დამაბინძურებელი მასალების წარმოება- დამუშავებისა და რეალიზაცია-განთავსებისთვის 2021 წლის პირველი იანვრიდან კონკრეტული ადგილები განისაზღვრება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამავე პერიოდიდან, ასევე, განისაზღვრება მსგავსი მასალების დამუშავების წესი.
„ჩვენი ქალაქისთვის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, ჰაერის დაბინძურება საკმაოდ პრობლემურია, რომლის გამომწვევი ფაქტორები არის: ტრანსპორტი, როგორც საზოგადოებრივი, ასევე, ყველა სახის და ამტვერებადი მასალების უსისტემო მიმოქცევა. ამ მიმართულებით, გასულ წელს დავიწყეთ მუშაობა, პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი წარვუდგინეთ და მოხდა მისი დამტკიცება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს. სამშენებლო, სარემონტო მასალები, საბურავების გაყიდვა, აალებადი ნივთიერებები ქალაქის ცენტრალურ უბნებში აბსოლუტურად უსისტემოდ არის განთავსებული. ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი დედაქალაქისთვის, ასევე, ამ კონკრეტულ რაიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. არაერთი წერილი შემოსულა თბილისის მერიაში დახმარების შესახებ. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ე.წ. ელიავას ბაზრობა და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. პირდაპირ, ღია წესით ხდება სამშენებლო მასალების გაყიდვა. ეს ყველაფერი რომ მოწესრიგდეს, ზუსტად ამიტომ შემოვიღეთ კანონი, რომელიც უკვე ძალაში შევიდა. ამის შემდეგ, დედაქალაქის საკრებულომ რეგულაციები და წესები დაამტკიცა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ვიცემერსა და მერის მოადგილეს დაავალა, რომ იმ მეწარმეებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც აღნიშნული საქმიანობით არიან დაკავებული, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ, რათა ცვლილებებისთვის დროულად მოემზადონ.
„კანონის აღსრულებას 2021 წლის პირველი იანვრიდან დავიწყებთ, რადგან გვინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც აღნიშნული მიმართულებით მუშაობს, მოსამზადებლად გარკვეული დრო ჰქონდეთ. ამისთვის საჭიროა კონკრეტული ადგილების გამოყოფა, როგორ გადაიხუროს ტერიტორია, როგორ უნდა მოხდეს ასეთი მასალების დამუშავება, გაყიდვა და ა.შ. მინდა დავავალო, ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს და ჩემს მოადგილე მაია ბითაძეს, რომ გქონდეთ ყოველდღიური კომუნიკაცია არა მხოლოდ მედიის საშუალებით, არამედ – უშუალოდ ადამიანებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მიეცით მათ მითითებები, თუ როგორ უნდა მოხდეს წესების დაცვა. 2021 წლის იანვრიდან, თუ კანონი არ აღსრულდება, ამ ყველაფერს ძალიან მკაცრი კონტროლი და რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.