შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის – დ.ს.-ს დაღუპვასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ. გორში ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული დ.ს.-სგან მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.