გიორგი ცუცქირიძე: არ გამოვა, შაქარაშვილის გირგვლიანიზაცია და წინასაარჩევნო სლოგანად გადაქცევა, ამ ორ ტრაგედიას ერთმანეთთან საერთო არაფერი აკავშირებს
„არ გამოვა, შაქარაშვილის გირგვლიანიზაცია, და წინასაარჩევნო სლოგანად გადაქცევა, მით უმეტეს ამ ორ ტრაგედიას ერთმანეთთან საერთო არაფერი არ აკავშირებს, არც პოლიტიკური და არც კრიმინალური თვალსაზრისით”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, გარდაცვლილი ოჯახის ტრაგედიის ირინა ენუქიძის ტრაგედიასთან და მაღალჩინოსნების თემასთან გაიგივების მცდელობა, არა თუ უსაფუძვლო ან სამართლებრივი ნონსენსია, არამედ კიდევ ერთხელ ცხადყოფს „ნაციონალების” ირგვლივ მოდრეიფე ოპოზიციური ფლანგის სრულ იდეოლოგიურ და სამართლებრივ ფიასკოს, რაც სიცრუის ტირაჟირებაზე, ფეიკ ნიუსებზე, მოსახლეობის მიზანდასახულად შეცდომაში შეყვანაზე და ოცნების ხელისუფლების წარუმატებელ დემონიზაციაზე არის აგებული.
„მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ სუფთად წააგო დებატები პარლამენტში, ხოლო მანამდე კოვზი ნაცარში ჩაუვარდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ახალი ცრუ შტურმი განახორციელა. ამჯერად, შაქარაშვილის თემა გირგვლიანის თემასთან გააიგივა და ბუნებრივია, ამ ორი ტრაგედიის ერთმანეთთან დაკავშირებით, შეეცადა ნაციონალების დროინდელი ანტიადამიანური და ანტიჰუმანური სისასტიკე დღევანდელობასთან დაეკავშირებინა. ნაციონალების და ზოგადად ოპოზიციის მხრადამჭერი ტელესივრცის გუშინდელი რეპორტაჟები, აქ ვგულისხმობ როგორც ტვ 1, ასევე ტელეკომპანია „მთავარის” გუშინდელ საღამოს ფართე ტირაჟირებით გასულ სიუჟეტებს. ამ ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, რომ მათსავით ქართულ საზოგადოებას რეტროგრადული ამნეზია სჭირს. არ გამოვა, ისტორიის გადაწერა და იმ სისხლიანი წლების ჩამოწერა, მით უმეტეს, როდესაც სანდრო გირგვლიანი, იმიტომაც იქცა საერთო ეროვნულ პროტესტად, რომ ის გაიტაცეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა, ნაციონალური ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პირდაპირი დავალებით, და შესაბამისად, მისი მოკვდინებაც მთელი სისასტიკით და ცინიზმით, მთლიანად სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სინდისზეა! და არც ის იყო შემთხვევითი, რომ სწორედ ამ არაადამიანურობის გამო, გამოუტანა ქართველმა ხალხმა მათ სამართლიანი განაჩენი 2012 წელს.
არ გამოვა, შაქარაშვილის გირგვლიანიზაცია, და წინასაარჩევნო სლოგანად გადაქცევა, მით უმეტეს ამ ორ ტრაგედიას ერთმანეთთან საერთო არაფერი არ აკავშირებს, არც პოლიტიკური და არც კრიმინალური თვალსაზრისით. დაწყებულია გამოძიება და უკვე 17 პირია მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში, და რაც მთავარია, გამოძიება გრძელდება. გარდაცვლილი ოჯახის ტრაგედიის ირინა ენუქიძის ტრაგედიასთან და მაღალჩინოსნების თემასთან გაიგივების მცდელობა, არა თუ უსაფუძვლო ან სამართლებრივი ნონსენსია, არამედ კიდევ ერთხელ ცხადყოფს „ნაციონალების” ირგვლივ მოდრეიფე ოპოზიციური ფლანგის სრულ იდეოლოგიურ და სამართლებრივ ფიასკოს, რაც სიცრუის ტირაჟირებაზე, ფეიკ ნიუსებზე, მოსახლეობის მიზანდასახულად შეცდომაში შეყვანაზე და ოცნების ხელისუფლების წარუმატებელ დემონიზაციაზე არის აგებული!”, – აცხადებს ცუცქირიძე.