სპეციალური ოპერაციების ძალები ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სწავლებას გადიან

“საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებისა და აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯგუფის ერთობლივი საჩვენებელი სწავლება – რეიდი ობიექტზე გაიმართა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წვრთნების მიზანს წინააღმდეგობის ძალების ჩამოყალიბება და მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკის დახვეწა წარმოადგენს.

“საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ობიექტზე თავდასხმის, ჩხრეკისა და განადგურების ოპერაციები განახორციელეს.

სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი იოსებ ლოლაძე, სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის საელჩოს მასტერ-სერჟანტი გრეგ ენჯელი დაესწრნენ.

მსგავსი, ერთობლივი ქართულ-ამერიკული გეგმიური წვრთნები სპეციალური ოპერაციების ძალებში რეგულარულად მიმდინარეობს. სწავლება სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონში უკვე ჩატარდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები