დიდ დიღომში 1300 მოსწავლეზე გათვლილი N186 საჯარო სკოლის ახალი კორპუსი გაიხსნება
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – “განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“-ს პროექტის ფარგლებში 1300 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე სასკოლო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ფარცვანიამ დასრულებული სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და სკოლის აღჭურვის პროცესს გაეცნო.
თბილისის N186 საჯარო სკოლის შენობა A და B ბლოკებისგან შედგება. A ბლოკში დაწყებითი საფეხურის, B ბლოკში კი საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები განთავსდებიან. ბლოკები ერთმანეთთან გადასასვლელი გალერეებით არის დაკავშირებული და მათი კონფიგურაცია და ურთიერთგანლაგება წარმოქმნის სამ შიდა ეზოს, სადაც სათამაშო და დასასვენებელი ზონები მოეწყო. შენობა ადაპტირებულია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.
განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლაში იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, სასადილო, ექიმის კაბინეტი, 3 სპორტული დარბაზი, გარე მოედნები. პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. მშენებლობის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.
მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – “განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“-ს უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება. საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ხელოვნების კოლეჯი და მულტიფუნქციური ცენტრი.
აღსანიშნავია, რომ “განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის მშენებლობა.
განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.