რიმა ბერაძემ და თამარ კაპანაძემ 220-ე საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცეს
თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი, რიმა ბერაძე და ამავე რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე ახლადგახსნილ, 220-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და, პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექციასთან ერთად, სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.
აქცია პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორის, თამარ კაპანაძის ინიციატივით გაიმართა.
როგორც თამარ კაპანაძემ აღნიშნა, პანდემიის პერიოდში შეიქმნა ჯგუფი – ,,გიმნაზიელები კარგი საქმეებისთვის ‘’, რომელიც 7000-მდე ადამიანს აერთიანებს.
მისივე თქმით, დღეს 220-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად სწორედ ამ ჯგუფის წევრების მიერ შეძენილი მხატვრული ლიტერატურა გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ახალი სკოლა ცხრა ძმის ქუჩაზე, N3 სკოლის შენობის დემონტაჟის შემდეგ, რიმა ბერაძის ინიციატივითა და შუამდგომლობით აშენდა.
დეპუტატის ინფორმაციით, 2007 წელს სკოლის შენობა ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გარემონტდა, თუმცა 2010 წელს, სკოლების ოპტიმიზაციის არასწორი პოლიტიკის შედეგად, აღნიშნული სკოლა დაიხურა.
რიმა ბერაძის თქმით, 2012 წელს მას ჩუღურეთის რაიონის 600-მდე მცხოვრებმა სკოლის აღდგენის მოთხოვნით ერთობლივი განცხადებით მიმართა, რის შემდეგაც დაიწყო კოორდინებული მუშაობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე, ფინანსთა სამინისტროებთან.
როგორც დეპუტატმა განმარტა, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა, რომ შენობა, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, აღდგენას არ ექვემდებარებოდა. ამიტომ სკოლის ძველი შენობის ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული შენობის აშენება გადაწყდა.
,,სკოლა, რომელიც წელს ოფიციალურად გაიხსნა, თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი და ამ ეტაპზე აქ 200-მდე ბავშვია დარეგისტრირებული. იმედს ვიტოვებ, რომ მალე 220-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა სკოლიდანაც გადმოვლენ ‘’, -განაცხადა რიმა ბერაძე.
დეპუტატის თქმით, განახლებულ სკოლას კვლავ აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ზურაბ ძამუნაშვილის სახელი მიენიჭება.