კახა კალაძე: ორბელიანის მოედანზე პარკინგთან დაკავშირებით ტელევიზიით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებით ტელევიზიით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავრცელებულ ინფორმაციაში სხვა პარკინგზე ისაუბრეს, რომელიც კერძო საკუთრებაა.
„გუშინ ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეუბნებოდით, ეს იყო არასწორი. წამოვიდა ბრალდება და წარმოადგინეს სხვა პარკინგი, თითქოს, ეს იყო ის სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა ორბელიანის მოედანზე განახორციელა და დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. შეეცადნენ, რომ მოსახლეობა შეეყვანათ შეცდომაში და ისაუბრეს აბსოლუტურად სხვა პარკინგზე, რომელიც არის კერძო საკუთრება და არის „პირიმზის” საკუთარი, მიწისქვეშა პარკინგი. საუბარი იყო სხვა პარკინგზე, რომელიც არის ჩვენი პარკინგის გვერდით და არის კერძო საკუთრება, იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში და ამაზე საუბრობენ, თითქოს, ჩვენ დავხარჯეთ ფული და ჩაოხრებულია.
პარკინგი რომ ასეთ მდგომარეობაშია, ძალიან ცუდია, მაგრამ იგეგმება ამ პარკინგის რეაბილიტაციაც. ჩვენ არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია და უახლოეს მომავალში ესეც იქნება მოწესრიგებული, ოღონდ არა – მუნიციპალიტეტის თანხებით, არამედ – ვისიც არის, მისი თანხებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.