პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი დააკავა
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი გ.ჩ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა გ.ჩ.-მ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელთან, ა.ლ.-სთან ერთად შუამავალს შესთავაზა ერთერთი თანამდებობის პირისთვის, ქრთამის სახით, 100 000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უნდა გათავისუფლებულიყო.
„აღნიშნულის თაობაზე შუამავალმა დაუყოვნებლივ მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, სადაც დაიწყო გამოძიება, დაიგეგმა და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს დანაშაულის ჩადენაში მხილებული ზემოხსენებული ადვოკატი.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე, ქრთამის მიცემის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის – ა.ლ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ადვოკატ გ.ჩ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.