ომბუდსმენი: ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პენიტენციურ დაწესებულებებში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემაა
სახალხო დამცველმა პარლამენტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლების არასაკმარის რაოდენობას; პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში ხანგრძლივი დროით მოთავსების პრაქტიკას; რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით გატარებული ღონისძიებების ფრაგმენტულობას, ფსიქიატრიული დახმარების პრობლემებს, რაც მეტწილად მხოლოდ ერთჯერადი ან განმეორებითი კონსულტაციებითა და მედიკამენტური მკურნალობით შემოიფარგლება. დაწესებულებების ექიმების მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და დოკუმენტირების არასწორ პრაქტიკას, როდესაც რიგ შემთხვევებში ექიმები სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად არ ახდენენ პატიმართა სხეულზე საეჭვო დაზიანებების აღრიცხვას.
„ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პენიტენციურ სისტემაში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემაა. ნებისმიერი პატიმარი ვისაც დაელაპარაკები, ყველა გეტყვის, რომ ეს სისტემა არ მუშაობს გამართულად. ერთი და იგივე ფაქტობრივი გარემოებებისა და დახასიათების მქონე პირებთან დაკავშირებით სრულად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება ხდება, სამწუხაროდ”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველი პარლამენტში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.