წინუბანში ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა – გიორგი ტყემალაძემ რაიონის გამგებელთან, კახა სამხარაძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად წინუბანში, მშვიდობის ქუჩაზე ახალი სკვერი გახსნა.
რაიონის გამგეობამ სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის შედეგად გადაწყვიტა.
გიორგი ტყემალაძემ სამგორის რაიონის გამგებელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მის სამაჟორიტარო ოლქში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
„ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, სამგორის რაიონს და, კერძოდ, წინუბანს ახალი სარეკრეაციო სივრცე შეემატა. სკვერში, რომელიც 610 კვ.მ ფართობზე მოეწყო, საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და სკამები განთავსდა. მინდა, მივულოცო წინუბნის მცხოვრებლებს ახალი დასასვენებელი სივრცე. სკვერების მოწყობა სამგორის რაიონში მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დღესვე, გიორგი ტყემალაძე და კახა სამხარაძე ორხევში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი წუწუნავას ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე სრულად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო წყალარინების ახალი ქსელი და სანიაღვრე სისტემა. ახლა კი 2350 კვ.მ-ზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე, მოწესრიგდება ტროტუარი და ბორდიურები.